საქართველოს რეგიონული კონტესტი (მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალი) ჩატარდა დისტანციურ რეჟიმში გასული წლის 26 დეკემბერს. შედეგების ამსახველი დასკვნითი მონიტორი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე (ფიფქით მონიშნულია გუნდები, რომლებიც მონაწილეობდა კონკურს გარეშე): იხილეთ ბმული
შემდეგ ბმულებზე შეგიძლიათ გაეცნოთ მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალების შედეგებს, შესაბამისად, სომხეთის და აზერბაიჯანის რეგიონებში:
სომხეთი
აზერბაიჯანი

შემდეგ რაუნდში (ნახევარფინალში) გადასული გუნდების ვინაობა სამხრეთ კავკასიის სამივე რეგიონში დადგინდა შენდეგი წესით. ნახევარფინალში დაიშვა: 1. ყველა გუნდი, რომელმაც ჩააბარა 8 და მეტი (>50%) ამოცანა ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.  2. ყველა გუნდი, რომელმაც ჩააბარა 3 და მეტი ამოცანა იმ შეზღუდვით, რომ თითო უმაღლესიდან დაიშვას არა უმეტეს 4 გუნდი. 3. ყველა უმაღლესი სასწავლებლიდან, რომელსაც არ აღმოაჩნდა არც ერთი წარმომადგენელი პირველი 2 პუნქტის მიხედვით, თითო საუკეთესო გუნდი არანულოვანი შედეგით. 

ამრიგად, საქართველოდან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში დაიშვა: თავისუფალი უნივერსიტეტის 5 გუნდი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 4 გუნდი, ი.ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2 გუნდი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1 გუნდი, თბილისის კავკასიის უნივერსიტეტისა და თბილისის შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტების 2-2 გუნდი და თითო გუნდი ი.ჯავახიშვილის თსუ-ს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილიალიდან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან და შოთა რუსთაველის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. სამხრეთ კავკასიის ღია ჩემპიონატზე, რომელიც ტრადიციულად ტარდება მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის პარალელურად და იგივე ამოცანებზე, ნახევარფინალისტების გარდა აუცილებლად იქნება მოწვეული თავისუფალი უნივერსიტეტის ის 2 გუნდი, რომლებმაც 7-7 ამოცანა ჩააბარეს. მთლიანობაში, რეგიონს ყავს გამოკვეთილი ლიდერი თავისუფალი უნივერსიტეტის პირველი გუნდის სახით (ალექსანდრე ხოხიაშვილი, ბექა და ვანო გამეზარდაშვილები, მწვრთნელი ზაზა გამეზარდაშვილი), რომელმაც ღირსეულად მიიღო მონაწილეობა მსოფლიო ჩემპიონატის 2020 წლის ფინალში (ჩატარდა მოსკოვში, 2021 წლის ოქტომბერში) და მთლიანად შეინარჩუნა შემადგენლობა. ყველა საფუძველი გვაქვს ამ გუნდისგან ველოდოთ კიდევ ერთხელ გასვლას ფინალში და იქ კი მედლებისთვის ბრძოლაში ჩაბმას. ფრიად სასიამოვნოა, რომ გამოიკვეთა ძლიერი გუნდების საკმაოდ მოზრდილი ჯგუფი. კერძოდ, იმ გუნდების რიცხვში, რომელთაც ამოხსნეს 8 და მეტი ამოცანა, აღმოჩნდა თავისუფალი უნივერსიტეტის 5, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის 3 და თსუ-ს 2 გუნდი. განსაკუთრებით სასიამოვნოა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ესოდენ შთამბეჭდავი დებიუტი. ცხადია, კონკურენცია ხელს შეუწყობს საქართველოს წარმომადგენლების მაჩვენებლების გაუმჯობესებას. ცალკე მინდა მივაქციო თქვენი ყურადღება კონკურსგარეშე მონაწილეებზე. ყველა ეს გუნდი წარმოადგენს ქუთაისს და მათი მწვრთნელია ბ-ნი მალხაზ ჯინჯიხაძე. იმის გათვალისწინებით, რომ ამ კონტესტზე ღირსეულად გამოვიდა ბ-ნი მალხაზის მომზადებული ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი და, ამავდროულად, ფინალში დაშვებულ გუნდებში მრავლად იყო ბ-ნი მალხაზის დაფრთიანებული ყმაწვილები, შეიძლება ითქვას რომ მივიღეთ ბ-ნი მალხაზის უნიკალური პედაგოგიური ნიჭის კიდევ ერთი ლამაზი დასტური. მინდა მიულოცო ბ-ნ მალხაზს ეს წარმატება და თქვენთან ერთად ვუსურვო ჯანმრთელობა და კარგად ყოფნა, რათა კიდევ მრავალი ყმაწვილი დაეყენებინოს ამ მადლიან გზაზე. 

მეოთხედფინალის შედეგების გამოცხადება შევაყოვნე იმის გამო, რომ მინდოდა ამ ინფორმაციასთან ერთად ყველა დაინტერესებული პირისითვის მეცნობა ნახევარფინალის ჩატარების ვადები.

დღეს ამ მხრივ ასეთი მდგომარეობა გვაქვს. 1 მარტს დაგვიკავშირდნენ კოლეგები სანქტ-პეტერბურგიდან და გვაცნობეს გადაწყვეტილება ნახევარფინალის 13 აპრილს ჩატარების თაობაზე. თქვენთვის ცნობილია NERC-ის და მთლიანად ICPC-ს ფარგლებში დამკვიდრებული ურთიერთობების ერთობ კოლეგიალური და ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული ხასიათის შესახებ. ძალიან სასიამოვნოა, რომ ჩვენმა კოლეგებმა გაგებით მიიღეს ჩვენი და აზერბაიჯანის რეგიონის გადაწყვეტილება ყველასათვის ცნობილი ტრაგიკული მოვლენების ფონზე ნახევარფინალის ამ ვადების მიუღებლობის შესახებ. ვფიქრობ, ამ გადაწყვეტილების მართებულობის დასაბუთება ამ წერილის ადრესატებისთვის საჭირო არ არის. ამავდროულად, თავს ვალდებულად ვრაცხ განსაკუთრებით გამოვყო ჩემს მიერ ზემოთ ნახსენები თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდის მტკიცე პოზიცია - ჯობს გამოტოვო სეზონი, მაგრამ შეინარჩუნო ღირსება. ცხადია, ჩვენი რეგიონიდან ფინალის ყველაზე რეალური კანდიდატების ასეთმა პოზიციამ ხელი შეუწყო ზემონახსენები გადაწყვეტილების მიღებას. რასაკვირველია, ჩვენ ვიზიარებთ იმ აზრს, რომ პოლიტიკა არ უნდა ჩავრიოთ ჩვენს საოლიმპიადო გადაწყვეტილებებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ის რაც დღეს ხდება ჩვენს მოძმე უკრაინაში უბრალოად არ გვაძლევს უფლებას განზე დავდგეთ. სიტყვამ მოიტანა, და მინდა იცოდეთ, რომ 26 თებერვალს ჩვენი თანამეგრობის სახელით უკრაინელი კოლეგების მისამართით გაიგზავნა მხარდაჭერის წერილი , რომლის ელექტრონული ასლი მომყავს მიმაგრებულ ფაილში. მეტიც, უკრაინელ კოლეგებს შევთავაზეთ დახმარება ცხელი წერტილებიდან მათი ოჯახის წევრების ჩვნთან დროებით განთავსებისა და შენახვის სახით. და ჩვენ მზად ვართ ამისთვის... ამავდროულად, ვალდებული ვარ ხაზი გაუსვა ჩვენი პეტერბურგელი კოლეგების ყურადღებას ჩვენს მიმართ. ჩვენი გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მათ თავად მოახდინეს ამ საკითხის შემდგომი განვითარების ჩვენთვის სასურველი სცენარის შემუშავების ინიციირება და რადგან ვერ ახერხებენ უკვე დათქმული ვადების შეცვლას, გვთავაზობენ ჩვენთვის მისაღებ ვადებში სამხრეთ კავკასიის ღია პირველობისთვის გამოყონ მსოფლიო ფინალში გასავლელი ადგილების გარკვეული ქვოტა.

ზემოთქმულიდან გასაგებია, რომ ჩვენი და აზერბაიჯანის რეგიონისთვის ნახევარფინალს ჩავატარებთ ერთობლივად სწორედ სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის ფარგლებში. იმედი ვიქონიოთ, რომ მოვლენების მსვლელობა მოგვცემს შესაძლებლობას შევინარჩუნოთ ამ ოლიმპიადაზე უკრაინელი კოლეგების მასპინძლობის ტრადიცია. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს ჩატარებული სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის გამარჯვებულია ხარკოვის ეროვნული რადიოელექტრონიკის უნივერსიტეტის გუნდი. და რადგან მერე პანდემიის გამო სამხრეთ კავკასიის ღია პირელობა არც ჩატარებულა, სწორედ ეს გუნდია დღეისთვის სამხრეთ კავკასიის ჩემპიონი.

ამ სტრიქონთა მკითხველთათვის!
ვულოცავ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გასულ ყველა გუნდს. გთხოვთ მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოთ ნახევარფინალამდე დარჩენილი პერიოდი, რომლის ხანგრძლივობა სულ ცოტა 2 თვე ნამდვილად არის.

რეგიონის დირექტორატის სახელით მადლობას ვუხდი მეოთხედფინალის ყველა მონაწილესა და მათ მწვრთნელებს სამართლიანი თამაშის წესების დაცვის გამო. ამოხსნათა ტექსტების ანალიზმა ცხადყო მონაწილეთა პატიოსანი მუშაობა. ჩემო ძვირფასებო! ჩემის აზრით, აი ეს არის ამ ოლიმპიადის ყველაზე ღირებული შედეგი!

ცხადია, ნახევარფინალის კონკრეტული ვადები გადამწყვეტად არის დამოკიდებული უკრაინაში მოვლენების განვითარებაზე. მოცემულ მომენტში ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შეგვიძლია ორიენტაცია ვიქონიოთ ივლისის დასაწყისზე. როგორც კი დადგინდება კონკრეტული ვადები, ოპერატიულად გაცნობებთ.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ კავკასიის ღია პირველობის მასპინძელი უნივერსიტეტი გახლავთ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

პატივისცემით, თ.ზარქუა

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი