მოგესალმებით!


1. 13 აპრილს პარალელურად სანქტ-პეტერბურგში, ალმათიში, ბარნაულში, ერევანში და მინსკში ჩატარდა დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალის პირველი რაუნდი ჩრდილო ევრაზიის რეგიონისთვის (NERC), რომელსაც ამავდროულად ქონდა ამ რეგიონის ფინალის სტატუსი. რაუნდმა ჩაიარა მაღალ საორგანიზაციო-პროფესიულ დონეზე. NERC-ის ოფიციალურ საიტზე: http://neerc.ifmo.ru/ თქვენ შეგიძლიათ იხილოთ შეჯიბრების მიმდინარეობის ამსახველი ვიდეომასალა, დასკვნითი მონიტორი, ამოცანათა პირობები და ამოცანათა გარჩევა. გარდა ამისა, შეგიძლიათ შეეცადოთ ამოხსნათ ეს ამოცანები პრაქტიკული სესიის რეჟიმში. მინდა მადლიერების გრძნობა გამოვხატო ღონისძიების ორგანიზატორების მიმართ, რომლებიც მოერიდნენ ზედმეტ ტაშ-ფანდურს გახსნასა და დახურვაზე, რაც აბსოლუტურად უადგილოა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო...

2. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება სომეხი კოლეგების მაღალ მაჩვენებლებს. განსაკუთრებით ძლიერად გამოვიდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები, რომელთაგანაც საუკეთესომ დაიკავა მე-10 ადგილი და მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის 2022 წლის ფინალში ასპარეზობის უფლება. ფაქტობრივად, ეს არის სომეხი კოლეგების ისტორიულად საუკეთესო გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატების ნახევარფინალში.

3. ამავე ნახევარფინალური რეგიონის მეორე რაუნდი ჩატარდება 1-5 ივლისს. პარალელურად ჩატარდება სამხრეთ კავკასიის ღია გუნდური და პირადი პირველობა. განრიგის ძირითადი ჩონჩხი ასე გამოიყურება:

30.06-1.07 - საზღვარგარეთული და ქუთაისის და ბათუმის გუნდების ჩამოსვლა თბილისში

1.07 18:00-20:00 - გუნდური შეჯიბრების პრაქტიკული ტური

2.07 11:00-16:00 - გუნდური შეჯიბრების ძირითადი ტური

3.07 - დასვენების დღე

4.07 10:00-14:00 - პერსონალური ტური

4.07 15:00-16:00 - შეჯიბრების დახურვა, ნომინანტების დაჯილდოვება

5.07 - ჩამოსული გუნდების გამგზავრება

4. როგორც თქვენთვის ცნობილია, მსოფლიო პირველობის შერჩევაში (ანუ, ზემონახსენებ მეორე რაუნდში) მონაწილეობას მიიღებს ნახევარფინალში დაშვებული გუნდები მხოლოდ აზერბაიჯანიდან და საქართველოდან. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიის ღია პირველობას, აქ ნავარაუდევია მონაწილეთა მოწვევა, პირველ რიგში, უკრაინიდან და სომხეთიდან. მოწვევები დაეგზავნება აგრეთვე კოლეგებს თურქეთიდან, მოლდავეთიდან, ბალტიისპირეთიდან და, შესაძლოა, ზოგიერთი სხვა სახელმწიფოდან.

5. ნახევარფინალში დაშვებულ გუნდებს ვთხოვ მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოთ შეჯიბრებამდე დარჩენილი პერიოდი.

6. უკრაინელმა კოლეგებმა მაცნობეს, რომ 25 აპრილიდან დაიწყეს პროგრამისტული შეჯიბრებების სერია. პირველი შეჯიბრება ტარდება დაახლოებით მარათონის სტილში და ითვალისწინებს კომივოიაჟორის ამოცანის ამოხსნას. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება ამ სერიის მიზანშეწონილობის დასაბუთებას ორგანიზატორების მხრიდან - სახელმწიფოს განვითარების დონე დიდად არის განპირობებული ამ ქვეყნის მიერ გამომუშავებული მეცნიერ-ტევადი პროდუქციის მოცულობით. ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულების აქტიური მხარდაჭერა და ახალგაზრდების წახალისება მეცნიერებისადმი ინტერესის გამოსავლენად. მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ძალუმი განვითარება ერთ ერთი ფაქტორია, რაც დაეხმარება უკრაინას დაამარცხოს მტერი და დაიმკვიდროს ადგილი ევროპულ თანამეგობრობაში. პირადად მე ძალიან მიხარია ჩვენი კოლეგების ასეთი შემართება და დიდ პატივად მიმაჩნია მათგან შეჯიბრებათა ამ სერიაში ჩვენი ახალგაზრდების მოწვევა. ამავდროულად, ყველაფერი რაც ზემოთ წერია აქტუალურად მიმაჩნია საქართველოსთვისაც. შეჯიბრების პლატფორმად ნავარაუდევია საოლიმპიადო მომზადების ცნობილი საიტის, eolymp.com ის გამოყენება. მეტ ინფორმაციას შეჯიბრებათა ამ სერიის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე. პირველი დავალების შინაარსიდან გამომდინარე ღონისძიებაში ჩართვა შესაძლებელია არა მარტო დღეს, არამედ ნებისმიერ თქვენთვის მოსახერებელ დროს მიმდინარე კვირის ბოლომდე. მიმაგრებული ფაილით გაწვდით მოსაწვევს ამ შეჯიბრებაზე ინგლისურ ენაზე.

7. ნახევარფინალში გასული გუნდების ხელმძღვანელებს გთხოვთ ყურადღებით გადახედოთ თქვენი გუნდების სარეგისტრაციო ინფორმაციას და რაიმე ხარვეზების შემთხვევაში უმოკლეს ვადებში მოაწესრიგოთ იგი. გთხოვთ იქონიოთ მხედველობაში, რომ თქვენთვის საინტერესო ინფორმაციას შეგეძლებათ გაეცნოთ არა მარტო ჩემი წერილებით, არამედ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი სპონსორის, კომპანია სოფტგენის საიტიდან: https://www.softgen.ge/ .



პატივისცემით, თ,ზარქუა

ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, დაპროგრამებაში უმაღლეს სასწავლებელთა შორის მსოფლიო ჩემპიონატის სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორი


წინა პუბლიკაციის სანახავად გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე.